რუსეთმა წვრთნები ჩაატარა და ბელარუსში მომავალ თვეს დაგეგმილი მორიგი წვრთნებისთვის სამხედრო ძალები და ტექნიკა განათავსა. ეს მაშინ, როდესაც ოფიციალური პირები პარიზში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ ოთხმხრივი მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ბელარუსში ძალების მობილიზებით უკრაინის ჩრდილოეთით რუსეთი ქმნის ახალ ფრონტს შესაძლო თავდასხმისთვის.

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი საპირისპირო სცენარის განვითარების შემთხვევაში, დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური ჯარიმებით იმუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ განიხილავს პერსონალურ სანქციებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მიმართ, ბრიტანეთმა კი აღნიშნა, რომ იმავე ქმედებას არ გამორიცხავს.


2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს შეიძლება შეჭრისკენ მზადებაზე მიუთითებდეს. რუსეთში ამას უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.

მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

3 იანვარს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. აშშ-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენკის უთხრა, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და პარტნიორები მას მტკიცე პასუხს გასცემენ.

პარალელურად, რუსეთი ითხოვს გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ. ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.