ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის ომიკრონის შტამი არის სეზონური გრიპი. მისი თქმით, აპირებენ დაიწყონ საინფორმაცო კამპანია, რათა მოსახლეობას მიაწოდონ მეტი ინფორმაციას, როგორ იმკურნალოს სახლის პირობებში.

"ვაპირებთ, საინფორმაციო კამპანია გავაკეთოთ, საკომუნიკაციო კამპანია, რომ სარეკლამო რგოლები, ვიდეორგოლები, თუ როგორ უნდა იმკურნალო სახლის პირობებში. უფრო მეტი კომუნიკაცია რომ გქონდეს მოსახლეობასთან და ომიკრონი როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, აი ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა ამიტომ მნიშვნელოვანია, სახლის პირობებში უმკურნალონ და მივცეთ სწორი რეკომენდაციები", — ამბობს მინისტრი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი გაავრცელა ინფორმაცია კორონავირუსის ომიკრონის შტამის შესახებ არსებულ მითებისა და რეალობაზე. WHO-ს ცნობით, ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

მათივე თქმით, ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 087, ხოლო გარდაიცვალა 39 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832-მდე, დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა.