2018 წელს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიის Mars Express ფარგლებში მარსზე გაშვებულმა ზონდმა წითელი პლანეტის სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარის ქვეშ რადარით ანარეკლი დააფიქსირა, რომელიც იქ ტბის არსებობაზე მიანიშნებდა. ახალი კვლევის თანახმად კი ეს სიგნალი შესაძლოა, რკინით მდიდარ ვულკანურ ქვებსაც გამოეწვია, რაც ადრინდელ მიგნებას ეჭვქვეშ აყენებს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე საკმაოდ მკაცრი კლიმატია, რაც თხევადი წყლის რეზერვუარის შენარჩუნებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობდა. შესაბამისად, სპეციალისტებისთვის გამოცანად რჩებოდა, როგორ აღმოჩნდა იქ ეს და სხვა ტბები.

იმის გასაგებად, თუ რა შეეძლო აღექვა რადარს წყლის მსგავსად, მეცნიერებმა სიმულაცია შექმნეს. მოდელში ნაჩვენები იყო მარსი, რომლის მთლიან ზედაპირსაც 1.4 კილომეტრი სისქის ყინული ფარავდა (როგორც სამხრეთ პოლუსზეა). შედეგად, მათ ზემოხსენებული სიგნალები პლანეტის სხვადასხვა რეგიონში შენიშნეს.

ღია შეფერილობის თითოეული არეალი, რომელიც ობიექტის ზედაპირის 2 პროცენტს იკავებდა, ვულკანური წარმონაქმნების მდებარეობას ემთხვეოდა. მათი ფორმირება უძველეს პერიოდში ლავის დინებას უკავშირდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილებსაც ისეთივე ანარეკლი აქვს, როგორიც წყალს, თანაც ისინი ციურ სხეულზე მრავლად გვხვდება. მეტის გასაგებად და ინფორმაციის დასაზუსტებლად საჭიროა, კვლევები უფრო ახლოდან ჩავატაროთ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.