სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს შემოქმედებითმა სტუდიამ საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე უარი უთხრა და ამის მიზეზად ბავშვის რთული ქცევა დაასახელა.

"2021 წლის მარტის თვეში დედამ დაუნის სინდრომის მქონე შვილი არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა. ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა ბავშვს ხელს შეუწყობდა, უკეთ გამოემუშავებინა სოციალური უნარ-ჩვევები. საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს დაწესებულებამ მშობელს უარი უთხრა ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე, რის მიზეზადაც ბავშვის რთული ქცევა დაასახელა", — აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე შესაბამისი ალერტნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება და ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა.

"საქმის წარმოების პროცესში განმცხადებელმა სახალხო დამცველს წარმოუდგინა როგორც ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების, ასევე სხვა შემოქმედებითი დაწესებულების თანამშრომლის შეფასება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბავშვისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების ან თვითდამაზიანებელ ქცევის გამოვლენა.

მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს, გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე, შესაფერისი ალტერნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება - მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა მცირე ხნით, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად დასწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და ბავშვს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში დახმარებოდა, ასევე ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა", — აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს შემოქმედებით სტუდიას, მომავალში საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს შეთავაზებული მომსახურების მიმღემ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოს იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა, ასევე, უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით.