ნიკოლა ტესლა ცხოვრების განმავლობაში ნაკლებად იყო დაფასებული. თუმცა სიკვდილის შემდეგ გენიალური გამომგონებლის პოპულარობა გაიზარდა და მის გარშემო არსებული მითები დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ახლა იგი ბევრის მიერ "შეშლილ მეცნიერად" აღიქმება, რომელმაც, არსებითად, ჩვენი დღევანდელობა გამოიგონა. ის, მართლაც, იმ უმნიშვნელოვანესი იდეების ავტორია, რომლებმაც კაცობრიობა სმარტფონების, უკაბელო ინტერნეტისა და AC ელექტრომომარაგების სისტემის შექმნამდე მიიყვანა.

გარდა იდეებისა, რომლებიც ტესლამ განახორციელა და დააპატენტა, მას ასევე მრავალი სხვა ინტერესი ჰქონდა კვლევის სხვადასხვა დარგში. ამ ინტერესთაგან ზოგი კი ერთობ ეზოთერული გახლდათ. მისი ასეთი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო გატაცება ეგვიპტური პირამიდები — კაცობრიობის ეს იდუმალი და შთამბეჭდავი ნაგებობები იყო.

ტესლა თავის კოლორადო-სპრინგსის ლაბორატორიაში, 1899 წელი.

ფოტო: Wikimedia Commons

ტესლას სჯეროდა, რომ ისინი რაღაც უფრო მაღალ მიზანს ემსახურებოდნენ, რის გამოც მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდა მათ. კერძოდ, ის მიიჩნევდა, რომ პირამიდები ენერგიის უზარმაზარი გამტარები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ — ეს დაშვება ენერგიის უკაბელოდ გადაცემისადმი ტესლას ინტერესს ეხმიანებოდა.

1905 წელს ტესლამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პატენტის მისაღებად შეიტანა განაცხადი სახელწოდებით, "ელექტრული ენერგიის გადაცემის ხელოვნება ბუნებრივი საშუალებებით". მასში მან წარადგინა გენერატორების დიზაინები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განთავსდებოდნენ და ენერგიის შეგროვებისთვის იონოსფეროს გამოიყენებდნენ. მან დედამიწა, თავისი ორი პოლუსით, უსაზღვრო ენერგიის გიგანტურ ელექტროგენერატორად წარმოაჩინა. სამკუთხედის ფორმის ეს დიზაინი ცნობილი გახდა როგორც "ტესლას ელექტრომაგნიტური პირამიდა".

"იმ დღეს, როდესაც მეცნიერება არაფიზიკური ფენომენების შესწავლას დაიწყებს, ის ერთ ათწლეულში უფრო მეტ პროგრესს მიაღწევს, ვიდრე თავისი არსებობის ყველა წინა საუკუნეში მიუღწევია" — ნიკოლა ტესლა.

ტესლას თანახმად, ეგვიპტური პირამიდების უნარი, გადაეცათ ენერგია, არა მხოლოდ მათი ფორმით, არამედ მდებარეობითაც იყო განპირობებული. მან კოლორადო-სპრინგსში ააგო კოშკი, რომელიც "ტესლას ექსპერიმენტული სადგურის" სახელითაა ცნობილი, ხოლო აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმართა ვარდენკლიფის კოშკი, იგივე "ტესლა თაუერი". ორივე მათგანი დედამიწის ენერგეტიკული ველის გამოყენების მიზნით შეიქმნა. ადგილები იმ კანონების მიხედვით შეირჩა, რომელთა გამოყენებითაც გიზას პირამიდები აშენდა — რაც პლანეტის ელიფსურ ორბიტასა და ეკვატორს შორის კავშირს ემყარებოდა. კოშკების დიზაინი კი ენერგიის უსადენო გადაცემისთვის იყო განკუთვნილი.

ვარდენკლიფის კოშკი, 1904 წელი.

ფოტო: Getty Images

ტესლას ამ იდეით შეპყრობის კიდევ ერთი ასპექტი ნუმეროლოგიას უკავშირდებოდა. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, ტესლა ერთობ უჩვეულო პიროვნება იყო, რომელსაც არაერთი უცნაური აზრი ჰქონდა აკვიატებული. ერთ-ერთი ასეთი აკვიატება ციფრები "3,6,9" იყო — მისი აზრით, მათში სამყაროს გასაღები იმალებოდა. შენობაში შესვლამდე იგი მას გარშემო სამჯერ არტყამდა მანქანით წრეს და სასტუმროებშიც სამის ჯერად ნომრებში რჩებოდა.

ვარაუდობენ, რომ ტესლას ამ რიცხვებით აკვიატება ხსნის პირამიდული ფორმით მის გატაცებას და იმის რწმენასაც, რომ არსებობს ფუნდამენტური მათემატიკური კანონები და თანაფარდობები, რომლებიც უნივერსალური მათემატიკური ენის ნაწილს წარმოადგენს.

რადგან ზუსტად არ ვიცით, როგორ და რისთვის აშენდა პირამიდები, ბუნებრივია, რომ მათ გარშემო მრავალი ჰიპოთეზა არსებობს: ზოგი, ტესლას მსგავსად, მიიჩნევს, რომ ისინი ენერგიის გამოსამუშავებლად ააგეს; ზოგი კი იმასაც ფიქრობს, რომ ისინი უძველესი ცივილიზაციის მიერ დაშიფრულ კოდს წარმოადგენენ და კონკრეტულ გზავნილს გადმოგვცემენ. თუმცა ყველა ეს მოსაზრება დღეს დაუსაბუთებელ ვარაუდად რჩება.