შეერთებული შტატები ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სახელმწიფოში ინსტიტუტების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები იმაზე უკეთ იცავენ თავისუფლებას, ვიდრე, ხისტი და ძლიერი პიროვნებები.

ამის შესახებ დეგნანმა ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, საკუთარ სიტყვაში ისაუბრა. მისივე თქმით, ბოლო დროს, ბევრი ქვეყნის მაგალითზე გამოჩნდა, რომ მიუკერძოებელი, დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც "თითქმის ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად".

დეგნანის განცხადებით, საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს ტენდენციები "წარმოუდგენლად საშიშია" და ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს საფრთხის ქვეშ აყენებს.

"ილია ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სრულად თავსებადია საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პატივისცემასთან და რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უკეთ იცავენ თავისუფლებას, ვიდრე ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ხისტი აზროვნების ლიდერები. ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვმა უარი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობის არჩევანზე და მოგვიანებით შეიჭრა საქართველოში, თუმცა ქართველ ხალხს ეს არ დავიწყებია", — განაცხადა მან.

ელჩმა საკუთარ სიტყვაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიც მიმოიხილა. მისი თქმით, კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ საკუთარი ძალაუფლება დაბნეულობისა და განხეთქილების გასაღრმავებლად გამოიყენოს. მისივე თქმით, ამის მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვაა.

"განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ", — დასძენს ის.

ელჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. დეგნანი აღნიშნავს, რომ ეს რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ოკუპირებული სხვა ქვეყნის სახელმწიფოთა ტერიტორიები აქვს.

"რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად", — თქვა მან.