კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას ირონიულად მიმართა და უთხრა: "ემა, თავი, თავიც არ დაკარგო, გაწიე თავი". ეს რეპლიკა მინისტრმა მას შემდეგ თქვა, როცა ოპერატორებმა ჟურნალისტებს კადრიდან გაწევისკენ მოუწოდეს.

წულუკიანმა რამდენჯერმე დამცინავად მიმართა გოგოხიას და კითხვაზე, რითი ხსნის კულტურის სფეროში ბოლო დროს მომხდარ რეპრესიებს, ასე უპასუხა: "ამისთვის მოხვედით ამ თოვლში მესტიამდე?"

ხოლო, ჟურნალისტის მიერ კითხვის დაზუსტების შემდე, თქვა: "ფეხს თუ დააბაკუნებ გიპასუხებ".

აღსანიშნავია, რომ სწორედ მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიას წაართვა მიკროფონი 22 ივლისს თეა წულუკიანმა და შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტმა პოლიცია იმავე დღეს გამოიძახა. როგორც გოგოხიამ თქვა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო, დაემშვიდობნენ და წავიდნენ. მიკროფონი არხს წულუკიანმა 29 ოქტომბერს დაუბრუნა.