ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვნის ცემა "დღევანდელი პოლიციის ხასიათთან" შეუსაბამოა. მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ დანაშაული განზრახაა ჩადენილი. ვოლსკის განცხადებით, იმ პროტესტის პათოსი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა, ყალბია.

"ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს", — წერს ის ფეისბუქგვერზე.

კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს, გუშინ, 24 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ესკალატორზეა გადაღებული, სადაც არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:

"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით ფაქტზე დაკავებულია 2 პოლიციელი. მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა. შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო.

დღეს, 25 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შშმ მოზარდზე ძალადობის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილებს უწყებასთან სხვადასხვა შინაარსის წარწერით სტიკერების, მათ შორის, "არა მილიციას" გაკვრა სურდათ. სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც ადგილზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

აქციაზე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე. გარდა ამისა, დაშავდა, აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე. მისი თქმით, სამართალდამცავმა მუცელში ჩაარტყა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.