რაიან მერფის სერიალში American Crime Story, რომლის მესამე სეზონიც ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას ეხება, მომღერალი რიკი მარტინი დიზაინერის შეყვარებულის, ანტონიო დამიკოს, როლს შეასრულებს.

სერიალში ჯანის როლს მსახიობი - ედგარ რამირესი, ხოლო მისი მკვლელის, ენდრიუ კუნინის, როლს, დარენ კრისი შეასრულებს.

რაც შეეხება დონატელა ვერსაჩეს, როგორც ცნობილია, American Crime Story-ში მის როლს ლედი გაგას ნაცვლად ოსკაროსანი მსახიობი პენელოპე კრუზი ითამაშებს.

1997 წლის 15 ივლისს ჯანი ვერსაჩე პრესის საყიდლად გავიდა, სახლში დაბრუნებისას კი მას თავს ენდრიუ კუნინი დაესხა და მოკლა, თავად ენდრიუმ კი იმავე იარაღით მოიკლა თავი.

მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკვლელობა კალაბრიის მაფიოზურმა ორგანიზაციამ შეუკვეთა, რომელმაც ძალიან ბევრი ფული იშოვა ვერსაჩეს ბრენდის ყალბი სამკაულების დამზადებით. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჯანიმ ამ კრიმინალურ ორგანიზაციას სერიოზული ომი გამოუცხადა.

ტრაგიკული ამბის შემდეგ სამოდელო სახლს სათავეში დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა და ბრენდის წარმატების შენარჩუნება მოახერხა.

ამერიკული კრიმინალური ისტორია FX-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სერიალია, რომლის ავტორიც ამერიკული საშინელებათა ისტორიის შემქმნელი რაიან მერფია.

სერიალის პირველი სეზონი ამერიკელი სპორტსმენის, ო. ჯეი. სიმფსონის ცოლისა და ბოიფრენდის მკვლელობას ეხებოდა.

მეორე სეზონის თემა კი ქარიშხალი კატრინა იქნება, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდა. 2005 წლის ქარიშხლების სეზონზე კატრინა რიგით მეხუთე ქარიშხალი იყო, რომელსაც 1 245 ადამიანი ემსხვერპლა, სტიქიისგან მიყენებული ზარალის საერთო ოდენობამ $108 მილიარდს გადააჭარბა.