სპექტაკლში ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ჯეიმს სნაიდერი გაათავისუფლეს. მსახიობს, რომელიც ბროდვეის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წარმოდგენაში ჰარი პოტერის როლს ასრულებდა, თავისი კოლეგა შეუფერებელ ქცევაში ადანაშაულებს.

სპექტაკლის პროდიუსერების თქმით, სნაიდერის ქცევასთან დაკავშირებული საჩივარი გასული წლის ნოემბერში მიიღეს და ნაწარმოებში მისი მონაწილეობა მაშინვე შეაჩერეს. დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ კი, როცა მომჩივანის ბრალდება დადასტურდა, მსახიობს კონტრაქტი შეუწყვიტეს.

როგორც ცნობილია, მომჩივანი დაიან დევისი იყო, რომელიც სპექტაკლში ჰარის ცოლის, ჯინი პოტერის, როლს ასრულებდა. პროდიუსერები ადასტურებენ, რომ დევისმა ნოემბერშივე გადაწყვიტა უხელფასო შვებულების აღება.

"ყველანაირად ვცდილობთ, სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო შევქმნათ, ამიტომ სპექტაკლში მონაწილე პირებისათვის პოლიტიკა და შესაბამისი პროცედურები გადაიხედა. ეს მოიცავს შევიწროების ნებისმიერი ფორმის მკაცრ აკრძალვას, ასევე ისეთი საკონტაქტო არხების შექმნას, რომელთა საშუალებითაც დასაქმებული შეუფერებელი ქცევის გასაჩივრებას შეძლებს", — აცხადებენ ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის პროდიუსერები.

ფოტო: Getty Images

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი, რომელშიც მოქმედება პოტერიადის მე-7 წიგნში აღწერილი მოვლენებიდან 19 წლის შემდეგ ხდება, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლია. ჯოან როულინგის, ჯეკ თორნისა და ჯონ ტიფანის პიესის მიხედვით წარმოდგენა პირველად 2016 წელს გაიმართა. მისმა შემოსავალმა მილიონობით დოლარი შეადგინა, ხოლო წიგნად გამოცემული პიესა ბესტსელერად იქცა.