დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აქვეყნებს. NCDC ამბობს, რომ მწვანე სტატუსს და კოვიდ პასპორტს ის პირები მიიღებენ, რომელთა ტესტის პასუხი 2021 წლის პირველ დეკემბრამდე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბაზაში არ ასახულა. გამყრელიძემ კი თქვა, რომ სიმპტომიანი პირი, რომელიც არ გატესტილა, თუმცა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, კოვიდპასპორტის მიიღებდა.

NCDC-მა მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ბრძანება გამოაქვეყნა.

"მინისტრის 11 იანვრის N01-9/ო ბრძანებით დარეგულირებულია იმ პირებისათვის კოვიდ-გადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე რიგი მიზეზების გამო არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი", — წერია ბრძანებაში.

მათი განცხადებით, ის ადამიანები, ვისი ტესტის პასუხიც არ არის ასახული ბაზაში, კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და მწვანე ბარათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ:

  • აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში;
  • COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;
  • იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ელექტრონულ ბაზაში;

ბრძანებაში ნათქვამია, რომ თუ პირი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას.

დღეს, 25 იანვარს გამყრელიძემ გააკეთა განცხადება, რომ თუ პირს აქვს სიმპტომები, დაუკავშირდა 112-ს და არის ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ შემთხვევაში ტესტის გაკეთების გარეშეც, მას კოვიდპასპორტში აესახება ინფიცირება და მიიღებს მწვანე სტატუსს.