11,2 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა ანიმატორ კრისტოფერ გილბერტ გრანტის მიერ შექმნილი ვიდეო "შიზოფრენიის სიმულაციების" სერიიდან, რომელშიც მან შიზოფრენიას რეალური სახე მისცა და დაავადებასთან ერთად ცხოვრების გამოცდილება სხვებს გაუზიარა.

შიზოფრენია ფსიქიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს რეალურისა და არარეალურის განსხვავება უჭირს. სიმპტომები თითოეული ადამიანის შემთხვევაში განსხვავდება და მათ სამ კატეგორიად ყოფენ: პოზიტიურად, ნეგატიურად და კოგნიტიურად.

პოზიტიური სიმპტომები ვიზუალურ და ბგერით ჰალუცინაციებს გულისხმობს, რასაც პარანოიაც თან სდევს. ნეგატიური სიმპტომების დროს ადამიანის ემოციები დაქვეითებულია და ხშირად ლაპარაკის სურვილიც არ აქვს. კოგნიტიური სიმპტომები კი იმ დარღვევებს მოიაზრებს, რომელთა გამოც ადამიანს აზროვნება, კომუნიკაცია და მარტივი დავალებების შესრულება უჭირს.

კრისტოფერს სიმპტომები 16 წლის ასაკში გამოუვლინდა, თუმცა ის შიზოფრენიის დიაგნოზს "ყველაზე ნაკლებად ელოდა". ანიმატორის თქმით, ხშირად ჩურჩული ესმოდა და ფიქრობდა, რომ მოჩვენებები მუდმივად აკვირდებოდნენ. ამ დროს კი მნიშვნელობა არ ჰქონდა მარტო იყო თუ ხალხში, რადგან ეს შეგრძნებები 24 საათის განმავლობაში არ ასვენებდა.

კრისტოფერი წლების განმავლობაში მკურნალობდა და 25 წლის ასაკში ტიკტოკი შექმნა, სადაც 1,3 მილიონ გამომწერს თავის გამოცდილებასა და შიზოფრენიის შესახებ შექმნილ ვიდეოებს უზიარებს.

ფოტო: TikTok

"შიზოფრენია ნებისმიერი გზით შეიძლება გამოვლინდეს და ის თქვენი ცნობიერების შინაგან მდგომარეობას ასახავს. თქვენი აღზრდა, კულტურა, ტრავმები და გენეტიკა განსაზღვრავს, თუ როგორი გამოცდილება გექნებათ ამ დაავადების დროს", — ასე განმარტავს კრისტოფერი შიზოფრენიას.

კრისტოფერის ვიდეოებს სოციალური ქსელის ბევრი მომხმარებელი გამოეხმაურა. კომენტარებში ვკითხულობთ, რომ კრისტოფერის პერსპექტივიდან დაავადების დანახვა მათ იმის გაგებაში დაეხმარა, თუ რას განიცდიან შიზოფრენიით დაავადებული საყვარელი ადამიანები.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.