ახლახან ამერიკელმა ქირურგებმა ცოცხალ ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, რაც მედიცინის ისტორიაში პირველად მოხდა.

იხილეთ: მსოფლიოში პირველად, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

იმისათვის, რომ გული ხანგრძლივი ოპერაციის დროს არ გაჩერებულიყო, ქირურგებმა სხვადასხვა მედიკამენტებისა და კოკაინის ნარევი გამოიყენეს. მათ მოუწიათ, ნარკოტიკისათვის ნებართვა სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან (DEA) მიეღოთ. ინფორმაციას Vice ავრცელებს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოკაინი გულში მისი მუშაობის გასახანგრძლივებლად შეიყვანეს.

"სანამ ნარევის გამოყენებას დავიწყებდით, 48 საათის განმავლობაში საქმე წარუმატებლად სრულდებოდა", — ახსნა მუჰამად მოჰიუდინმა, გულის ქსენოტრანსპლანტაციის დირექტორმა მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში — "თუმცა, როდესაც ამ მეთოდს მივმართეთ, გულში ხსნარის შეშვებამ იგი უკეთ შეინახა და ორგანოს ფეთქვა გაძლიერდა".

შვედური ფარმაცევტული კომპანიის (XVIVO) მიერ შექმნილი ნარევი სხვა ინგრედიენტებსაც შეიცავს, მათ შორის კორტიზოლსა და ადრენალინს.

მეცნიერებმა არ იციან, თუ რატომ ინახავს გულებს კოკაინი ეფექტურად, თუმცა ერთი რამ აშკარაა: წამლების გარეშე, დიდი ალბათობით, რეციპიენტის სხეული ორგანოს უკუაგდებდა.

"ისევეა, როგორც ადამიანიდან ადამიანზე გადანერგვა, რა დროსაც მედიკამენტების გამოყენება მაინც გიწევს, თუმცა იცი, რომ კონტროლი შეგიძლია", — განაცხადა მოჰიუდინმა — "ეს რომ არ გაგვეკეთებინა, სხეული ორგანიზმს წუთებში უკუაგდებდა და ორგანო გამოუსადეგარი გახდებოდა".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.