სილიკონ ველიზე დაფუძნებული ახალი სტარტაპი სახელად dNovo, რომელიც ბიოლოგმა ერნესტო ლუჰანმა დააარსა, გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით, სიმელოტესთან ბრძოლას ახალი გზით გეგმავს.

ახალი ტექნოლოგია ბევრისთვის ძალიან იმედისმომცემია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიით გამოწვეული სტრესისა და COVID-19-ის შედეგად ადამიანებში თმის სისქე იმაზე სწრაფად იკლებს, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კაცებში ჰორმონალურია, დაბერება, კიბო, ტესტოსტერონი და გენეტიკაც შეიძლება თამაშობდეს ამ საქმეში როლს.

dNovo, რომელიც ასაკთან დაკავშირებული ღეროვანი უჯრედების დაკარგვით გამოწვეულ სიმელოტესთან ბრძოლას გეგმავს, გულისხმობს ნებისმიერი უჯრედის გარდაქმნას ღეროვან უჯრედად მასში არსებული აქტიური გენების მოდიფიცირებით. პროცესი სისხლის რამდენიმე წვეთით იწყება, რომელსაც კომპანია პერსონალიზებული თმის ღეროვანი უჯრედების შესაქმნელად იყენებს. ამის შემდეგ მათი გამოყენება ახალი თმის გასაზრდელადაც იქნება შესაძლებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ალბათ, ისაა, რომ კომპანიის მტკიცებით, უჯრედებს შეუძლიათ იმუნური სისტემის ნებისმიერ უარყოფით რეაქციას აარიდონ თავი.

ტექნოლოგია, რომლის დაპატენტებაზეც განაცხადი უკვე შეტანილია, ხუთ ნაბიჯს მოიცავს:

  1. უჯრედების შეგროვება;
  2. უჯრედების გადაპროგრამება;
  3. ახალი თმის წარმომქმნელი უჯრედების გაზრდა;
  4. ამ უჯრედების ადამიანის სკალპზე გადატანა;
  5. 1-3 თვე ლოდინი იქამდე, სანამ ახალი თმა არ გაიზრდება.

ამ პროცედურის ეფექტიანობა თაგვებზე უკვე დადასტურდა, თუმცა, მის მომზადებას ადამიანებზე გამოსაყენებლად, ალბათ, წლები დასჭირდება.

"ამჟამად ჩვენ განვითარების პრეკლინიკურ ეტაპზე ვართ", — განუცხადა Fortune-ს სტარტაპის დამფუძნებელმა ერნესტო ლუჰანმა. "ტექნოლოგიის შედეგი ლაბორატორიის თაგვებზე ვიხილეთ და ამით აღფრთოვანებულები ვართ".

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიას ჯერ კიდევ სჭირდება დახვეწა, მკვლევრები მის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ლუჰანის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ, ტექნოლოგიის ეფექტიანობას ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებშიც აჩვენებენ და მათი პროდუქტი კომერციულად ხელმისაწვდომი გახდება. დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს ტექნოლოგია ერთ დღეს "თმის ცვენის ძირითად მიზეზსაც" აღმოფხვრის და იქიდან გამომდინარე, რომ კაცების ნახევარს სიმელოტე ახასიათებს, ეს უდავოდ სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.