ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკმა Tesla Phone წარადგინა. ამ ცნობას სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის დამაჯერებლობას ვიზუალური მასალაც მატებს ისევე, როგორც ასეთ პოსტებში დაწვრილებით განხილული მახასიათებლები. თუმცა, Tesla Phone არ არსებობს და საინტერესოა, ვის და რატომ მოუვიდა თავში არაფრისგან მისი შექმნა. სიმართლე ისაა, რომ Tesla-სა და ილონ მასკს სმარტფონი არ გამოუშვიათ და არც აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ინფორმაციას Facebook-ზე, YouTube-სა თუ TikTok-ზე შეხვდებით, მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს Tesla Pi-ის დაანონსებას და არა, არც თვითონ ილონ მასკი წარმდგარა ჩვენ წინაშე, ამ ახალი სმარტფონით ხელში. შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ, რომელიმე სანდო წყარო თუ იუწყება მსგავსი რამის შესახებ.

ზოგადად, ილონ მასკი სმარტფონების შექმნას არც აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს წარსულის ტექნოლოგიაა, მომავალი კი ისაა, რაზეც მისი კომპანია — Neuralink მუშაობს — ნეირონული ინტერფეისი, იგივე ტვინის იმპლანტი. ეს სწორედ ისაა, რამაც ილონ მასკის ხედვით, სმარტფონების და ზოგადად, სხვა გარე მოწყობილობები უნდა ჩაანაცვლოს და პირდაპირ ჩვენს ტვინში შეიტანოს. აღნიშნულ დამოკიდებულებას მასკის ადრინდელი ტვიტიც ადასტურებს, რომლითაც ის ტესლას მიერ ჭკვიანი საათის გამოშვებასთან დაკავშირებით ადრე გავრცელებულ ცრუ ინფრომაციას გამოეხმაურა.

Tesla Pi-ის შესახებ ინფორმაციას ვერ ნახავთ Tesla-ს ოფიციალურ საიტზე, ან თუნდაც ტვიტერის გვერდზე. ვერც ილონ მასკის ტვიტერზე იპოვით მსგავს ცნობას. ეს მხოლოდ იუთუბერებისა თუ ტიკტოკერების მიერ განზრახ, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდის აყოლის მიზნით, გაუაზრებლად გავრცელებული არასწორი ინფორმაციაა. თუმცა, ეს უკვე ძალიან მასშტაბური კამპანიაა. Tesla Pi-სთან დაკავშირებულ კონტენტს უკვე მილიონობით ნახვა აქვს იუთუბზე თუ ტიკტოკზე და ასევე, უკვე არსებობს ფეისბუქ ჯგუფები, (მაგალითად, ეს 6 900 წევრისგან შემდგარი ჯგუფი), სადაც არარსებული სმარტფონის მონაცემებს განიხილავენ და მის გამოსვლას (სულ ტყუილად), 2022 წლის ბოლოს ელოდებიან.

აღნიშნული "კამპანია" სხვა, ჯანმრთელობასთან თუ პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიებისგან განსხვავებით, ნაკლები ზიანის მომტანია, თუმცა, კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა შეუძლია ინტერნეტს და რატომ უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სიახლეების ზოლებში, არაოფიციალური წყაროებისგან ხვდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.