პატარები მალე გაზრდაზე ხშირად ოცნებობენ, რადგან ზრდასრულობა მათთვის მეტ თავისუფლებასთან ასოცირდება. თუმცა დამოუკიდებლობას თან პასუხისმგებლობები და ზოგჯერ ისეთი პრობლემებიც ახლავს, როგორებიცაა სამსახური, ოჯახზე ზრუნვა, კომუნალური გადასახადები, გაშეშებული წელი და ა.შ.

ამ პასუხისმგებლობების ნაწილს ხშირად ბავშვობაშივე ვაცნობიერებთ, თუმცა ზრდასრული ასაკის მიღწევისას, როცა საკუთარ შეცდომებსა და გადაწყვეტილებებზე თავად ვართ პასუხისმგებელი, ვხვდებით, რომ ზოგიერთ პრობლემაზე წარმოდგენაც არ გვქონდა.

მაშ ასე, გთავაზობთ ზრდასრულობის 10 პრობლემას, რომლისთვისაც არავინ მოგვამზადა:

1. ახალი მიზნების პოვნის სირთულე

ფოტო: Giphy

ბავშვობაში მიზნების დასახვა შედარებით მარტივია: გამოცდების ჩაბარება, ატესტატის აღება, უნივერსიტეტში ჩარიცხვა და ა.შ. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ ზრდასრულების სამყაროში აღმოჩენილისთვის ახალ-ახალი მიზნების პოვნა რთულდება.

2. ცხოვრება ძვირია

ფოტო: Giphy

ბავშვობისას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა ძვირია ის ნივთები და მომსახურება, რომლებიც გვჭირდება. ბიუჯეტის წინასწარ გაწერის აუცილებლობაზე საუბარი ზედმეტია.

3. ნაკლები დრო და ენერგია საკუთარი თავისა და ინტერესებისთვის

ფოტო: Giphy

ზრდასრულების დიდი ნაწილის ყოველდღიური ცხოვრება სამსახურში, პრობლემების მოგვარებასა თუ საოჯახო საქმეების კეთებაში იხარჯება. საკუთარი თავისა და ინტერესებისთვის დროისა და ენერგიის პოვნა მარტივი არაა.

4. საჭმლის ყოველდღიურად მომზადება

ფოტო: Giphy

საჭმლის მომზადება და იმაზე ფიქრი, თუ რისი ჭამა გვინდა ხანდახან რუტინული და დამღლელია.

5. მეგობრების დაკარგვა

ფოტო: Giphy

ბავშვობაში გვგონია, რომ ჩვენს მეგობრებს არასდროს დავშორდებით, თუმცა ზრდასრულობაში ადამიანებთან ხანდახან კონტაქტს ჩხუბის გარეშე, ბუნებრივად ვწყვეტთ.

6. ოჯახის წევრების სიკვდილი

ფოტო: Giphy

მართალია, ოჯახის წევრების გარდაცვალება შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანმა გამოსცადოს, თუმცა გაზრდასთან ერთად ჩვენი შიშები კიდევ უფრო რეალური ხდება, რადგან ჩვენთან ერთად უფროსი ოჯახის წევრებიც ბერდებიან, ჯანმრთელობა ღალატობთ და გვიწევს იმ აზრთან შეგუება, რომ მათთან დამშვიდობება მოგვიწევს.

7. მუდმივი დაღლილობა

ფოტო: Giphy

სამსახური, ოჯახი და პასუხისმგებლობები ხშირად მუდმივი გადაღლილობის წინაპირობაა, რომელსაც მხოლოდ შაბათ-კვირას დასვენება ვერ შველის.

8. კითხვები იმის შესახებ, თუ როდის აპირებ დაქორწინებას ან/და შვილების გაჩენას

ფოტო: Giphy

გაზრდასთან ერთად იმ ადამიანების რიცხვიც იზრდება, რომლებიც ჩვენი ოჯახური მდგომარეობითა და სამომავლო გეგმებით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან და არც იმ რჩევებს გვაკლებენ, რომლებიც არ გვითხოვია.

9. სამსახურის პოვნა

ფოტო: Giphy

ბავშვობაში გვგონია, რომ კარგად სწავლა სამსახურის ავტომატურად პოვნას გულისხმობს, თუმცა ისეთი სამსახურის მოძებნა, სადაც ჯანსაღი სამუშაო გარემო და ადეკვატური ანაზღაურებაა, მარტივი სულაც არაა.

10. წელის ტკივილი

ფოტო: Giphy

ზრდასრულობის განუყოფელი ნაწილი წელის ტკივილია, რომელსაც ან მუდმივად ჯდომა და ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა იწვევს, ანდაც — ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ზურგით თრევა.

ამავე თემაზე: