დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის ორივე ქვეშატმი. როგორც გამყრელიძე განმარტავს, პირველი მეორეზე მეტად საშიშია, თუმცა, მეორე უფრო სწრაფად ვრცელდება. როგორც ჩანს, სწორედ ქვეშტამების არსებობით აიხსნება ის, რომ თავდაპირველად ომიკრონს ვირუსის საშიშ ვარიანტად წარმოგვიდგენდნენ, ახლა კი სფეროს სპეციალისტებისგან გვესმის, რომ მას მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

"მოგეხსენებათ, გახლავთ ომიკრონის ორი ქვეშტამი. ერთი, რომელმაც დაიწყო ცირკულაცია ნოემბერში, ე.წ. BA.1 და შემდგომ გაჩნდა მეორე — BA.2; ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია, როგორც მოლეკულური სეკვენირებით, ისე სხვა, დამატებითი მუტაცია-სპეციფიური PCR ტესტებით.

ამ მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია, ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების [ტემპი]. დიდი ალბათობით, რადგან ეს შტამი ვრცელდება ქვეყანაში, აი ეს სწრაფი აღმავალი ტალღა შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ, იგივე BA.1-თან შედარებით კიდევ უფრო უფრო ნაკლები აგრესიულობა [ახასიათებს]", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს დადასტურებული შემთხვევების 90% უკვე ომიკრონის შტამია.

"ომიკრონის ცირკულაცია მომატებულია ქვეყანაში. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90% გახლავთ უკვე ომიკრონი, რაც ცირკულირებს ყველა დადებით შემთხვევაში", — ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

გაიგე მეტი: