ევან რეიჩელ ვუდის განცხადებით, მერლინ მენსონმა 2007 წელს მუსიკალური ვიდეოკლიპის, სახელად Heart-Shaped Glasse, ჩაწერისას გადასაღებ მოედანზე გააუპატიურა.

ახალ დოკუმენტურ ფილმში, სახელად Phoenix Rising, ვუდმა თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა ვიდეოკლიპის "სიმულაციური სექსის სცენა" და განაცხადა, რომ კამერების გამორთვის შემდეგ მენსონმა ის გადასაღებ მოედანზე გააუპატიურა. "ამაზე არასდროს დავთანხმებოდი", — დასძინა მსახიობმა.

"გადასაღებ მოედანზე იმ დღის გარდა, არაპროფესიონალურად არასდროს მითამაშია. სრული ქაოსი იყო, თავს დაცულად ვერ ვგრძნობდი და ყურადღებასაც არავინ მაქცევდა", — იხსენებს მსახიობი. ვუდის თქმით, მან თავის დაცვა ვერ შეძლო. გადამღები ჯგუფის წევრები კი თავს უხერხულად გრძნობდნენ და არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.

ფოტო: Getty Images

მსახიობის თქმით, ეს იყო მენსონის პირველი დანაშაული, როცა კამერის წინ გააუპატიურა. ამ ფაქტის შესახებ კი მენსონისგან მკაფიო ინსტრუქციები მიიღო, რომელთა მიხედვითაც მედიისთვის მუსიკოსთან ურთიერთობა რომანტიკულად უნდა დაეხასიათებინა და ვიდეოკლიპის შესახებ სიმართლე დაემალა.

მერლინ მენსონმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება და აღნიშნა, რომ მისი ინტიმური ურთიერთობები პარტნიორებთან "ყოველთვის შეთანხმებული იყო".

მერლინ მენსონი და ევან რეიჩელ ვუდი ერთმანეთს 2007-2010 წლებში ხვდებოდნენ, როცა ვუდი 18 წლის იყო, ხოლო მომღერალი 38 წლის. ვუდის თქმით, მენსონი წლების განმავლობაში მასზე სისტემურად ძალადობდა.

მერლინს მენსონს სექსუალური, ფიზიკური და ემოციური ძალადობისთვის Game of Thrones-ის მსახიობი ესმე ბიანკოც უჩივის. მსახიობების გარდა ოთხმა სხვა ქალმა — ეშლი უოლტერსმა, სარა მაკნილიმ, ეშლი მორგანმა და გაბრიელამ (გვარის გარეშე) — ასევე დაადანაშაულეს ცნობილი მუსიკოსი ძალადობაში. ისინი აღნიშნავენ, რომ მენსონი მათზე ფიზიკურად ძალადობდა და წამების სხვადასხვა საშუალებას იყენებდა.