საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს ზემოთ მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებისთვის 100 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, აცრის 1-ლი დოზების გაკეთების შემთხვევაში 200 ლარიანი წახალისება მათთვის თებერვალშიც გაგრძელდება.

"გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ, ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ, ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა.

ღიბრაძემ, ასევე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ტესტის გაკეთების დროს სწორი საკონტაქტო ინფორმაცია მივუთითოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში არ გაუჭირდეს ჯანდაცვის სისტემას ჩვენთან დაკავშირება.