ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დადასტურებული შემთხვევების მატების მიუხედავად ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების მატება არ ყოფილა და საწოლფონდის 45% თავისუფალია. მისი თქმით, იგივე სიტუაცია ბავშვების საწოლფონდზეც და მათი დიდი ნაწილი მკურნალობის კურს ბინაზე გადის.

"ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება. დაახლოებით 45% დღეს მობილიზებული საწოლფონდის თავისუფალი რჩება. იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო მატება შემთხვევების, თუმცა შემდეგ განმარტებების, ოჯახის ექიმების აქტიური მუშაობის ოჯახებთან და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის და მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები რჩებიან ბინაზე და იქ აგრძელებენ მკურნალობას", — ამბობს გაბუნია.

25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 160, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 87 609 საიდანაც, 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 963, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 283.