სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ ბოლო დროს პოლიციის მხრიდან ძალის აშკარა გადამეტების ერთეულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. ასე ეხმაურება ორგანიზაცია პოლიციის მხრიდან მოქალაქის ცემის კადრებს და აღნიშნავს, რომ ეს ძალადობა, ღირსების შელახვა და დამცირება იყო.

"დღეს გავრცელებულ კადრებში საზოგადოებამ იხილა სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა, რომლის წინაშეც მხედველობის და სმენის შეფერხების მქონე ადამიანი დაუცველი და ღირსებაშელახული იყო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ როგორ უგულებელყოფს პოლიცია ზრუნვისა და მხარდაჭერის მოვალეობას და ამის ნაცვლად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის ჩაგვრის და საგულდაგულო დასჯის პრაქტიკას ეწევა", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, ნათელია, რომ ამგვარი პრაქტიკები არ და ვერ იქნება ერთეული შემთხვევები, ხოლო უფლებამოსილების გადამეტების ასეთი მძიმე შემთხვევები ვერ იარსებებს ჰუმანურობაზე და ადამიანის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრუქტურაში.

"ეს შემთხვევები აჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს. საზოგადოებაში, მართალია ფრაგმენტულად, თუმცა დროდადრო მაინც ვრცელდება ინფორმაციები სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამგვარი პრაქტიკა უწყების ჩაკეტილობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგია. სამართალდამცავი უწყებების ურთიერთობა ადამიანთან ხშირად რეპრესიას და შიშის დანერგვას ეფუძნება", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა მხოლოდ ნაწილობრივ გარდაქმნა სამართალდამცავი უწყებების მოქმედების ფორმები. მათი შეფასებით, პოლიციის მხრიდან ძალადობის პრევენცია დღემდე ვერ გახდა პოლიტიკური კლასის მხრიდან არსებითი ცვლილების საგანი.

"სისტემაში კვლავაც მძიმედ იგრძნობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ პოლიციის მგრძნობელობისა და ადამიანებზე ზრუნვის იდეის დეფიციტი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს მოუწოდებს:

  • დროულად და ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე იმ ინტენსივობით, რაც საფრთხეს არ შეუქმნის დაზარალებულის და გამოძიების ინტერესებს;
  • მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის წესრიგში დააყენოს საპოლიციო ძალადობის და ძალის გადამეტების პრობლემები და შექმნას სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდოს საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია, უწყებაში ძალის გადამეტების პრევენციის კუთხით მიღებულ ზომებზე.

24 იანვარს გავრცელდა კადრები, სადაც პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემაა ასახული. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ექსკალატორზეა გადაღებული, სადაც სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:

"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".

მომხდარზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. მათი თქმით, უწყებისთვის პოლიციელის მხრიდან ნებისიერი ძალადობრივი ქმედება კატეგორიულად მიუღებელია. შსს-ს ინფორმაციითვე, გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. მომხდარს იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც.