ქართული ოცნების ოფისთან აქცია გაიმართა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ამ წუთებში აქტივისტები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიდიან. მათ თან აქვთ ბანერი "მწამებელი სისტემა".

იქ შეკრებილები პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემას აპროტესტებენ — კადრები დღეს, 24 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ექსკალატორზეა გადაღებული, სადაც სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:

"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".

მომხდარზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. მათი თქმით, უწყებისთვის პოლიციელის მხრიდან ნებისიერი ძალადობრივი ქმედება კატეგორიულად მიუღებელია. შსს-ს ინფორმაციითვე, გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. მომხდარს იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც.