გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო 1 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს და განკარგულების ფოტოს აქვეყნებს.

"ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო ახლა, რადგან არ გვანახე, 1 000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო მანდატის გაუქმებაა, რომელიც ისედაც აღარ მაქვს", — წერს ის.

ზურა ჯაფარიძეს მანდატი 16 ნოემბერს შეუწყვიტეს. მის ნაცვლად, დეპუტატი გირჩის "მეფე", ჰერმან საბო გახდა. ჯაფარიძემ უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტს 3 ნოემბერს მეორედ მიმართა. მან მანდატის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ მეორედ გამოაცხადა.

პირველად დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ჯაფარიძემ პარლამენტს 2020 წლის დეკემბერში მიმართა. იმ დროისთვის ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის შუამავლობით მიმდინარეობდა. ქართულმა ოცნებამ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი გადადო, რის შემდეგაც ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

იმავე დღეს პარლამენტის დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძესაც.