საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა. მისი თქმით, საუბრისას ხაზი გაესვა, რომ საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევის წინაშე დგანან.

"მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, მიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვუცხადე მტკიცე თანადგომა და სოლიდარობა არსებულ რთულ ვითარებაში.

საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ჩვენ ვდგავართ საერთო გამოწვევის წინაშე უკვე მრავალი წელია, რაც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სოლიდარულია მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ ამ მძიმე პერიოდში", — აცხადებს ზალკალიანი.

მინისტრის თქმით, გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლის და პოზიციების გაზიარების მიზნით.

დღეს, 24 იანვარს საპარლამენტო ოპოზიციამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოწვევა მოითხოვეს. მათ, ასევე, შეიმუშავეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და ქართულ ოცნებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზეს. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარდა საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს პარლამენტმა შეიმუშავოს რეზოლუცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგის დროს დააყენეს, არის უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში კიევში ერთობლივი საპარლამენტო ვიზიტის დაგეგმვა. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მიმდინარე კვირას მოიწვიოს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს.

გაიგე მეტი: