თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასა და უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერა "ყოველთვის ჰქონდა, ყოველთვის აქვს და ყოველთვის ექნება". კითხვაზე, რატომ არ აკეთებს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის მხარდასაჭერ ოფიციალურ განცხადებას, კალაძე ამბობს:

"საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ".

დღეს, 24 იანვარს საპარლამენტო ოპოზიციამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოწვევა მოითხოვეს. მათ, ასევე, შეიმუშავეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და ქართულ ოცნებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზეს. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარდა საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს პარლამენტმა შეიმუშავოს რეზოლუცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგის დროს დააყენეს, არის უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში კიევში ერთობლივი საპარლამენტო ვიზიტის დაგეგმვა. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მიმდინარე კვირას მოიწვიოს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პაპუაშვილს ეს ინიციატივები ბიუროს სხდომაზეც გააცნეს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ რეზოლუციების მიღებაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს საკითხები უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

გაიგე მეტი: