ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მომავალი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება. მისი თქმით, პანდემიის ამ ტალღისას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არა.

"პანდემიის ეს ტალღა მიდის "სწორი-მიმართულებით", შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება. შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი. ყველას ვთხოვთ, ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას. დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს, რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ 10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

24 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 550, ხოლო გარდაიცვალა 31 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის, 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 13,08% ხოლო 7 დღის მანძილზე — 16,61%.