შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს განცხადებით, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებისთვის ბუნებრივი აირის ვაუჩერების გადაცემა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი. მათი თქმით, უსაფუძვლოა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის სახელმწიფო პროგრამები შეჩერდა.

"კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობების ინტენსიური სამუშაო პროცესის ფარგლებში მიმდინარეობდა სტანდარტული პროცედურული ნაწილი მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამის ბენეფიციართა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მდგომარეობით. სამუშაო პროცესი დასრულდა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ გადაწყვეტილების აღსრულება. მომდევნო კვირაში უკვე დაიწყება გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, იმ სოფლებში, სადაც ოჯახები დარეგისტრირებულები არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თანხა გამოიყო რეგისტრირებულ აბონენტებზე. იმ სოფლებში კი, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ დასრულებულა — გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრები ოჯახის ერთ-ერთ წევრზე.

"უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას არასდროს უმსჯელია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაზე და არსებული პროგრამები ხორციელდება უწყვეტად.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაგრძელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება", — აცხადებს სამინისტრო

დღეს, 23 იანვარს მედიაში გავრცელდა ფორმაცია, რომ მთავრობამ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში გათბობის ბუნებრივი აირის ვაუჩერები არ დაარიგა, რის გამოც ხეხილს ჩეხენ გასათბობად.