თურქეთში ჟურნალისტი სედეფ კაბასი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. დაკავების მიზეზი ანდაზა გახდა, რომელიც ჟურნალისტმა ოპოზიციურ ტელევიზიაში, Tele1-ზე თქვა და Twitter-ზეც გამოაქვეყნა.

"ძალიან ცნობილი ანდაზაა, რომელიც ამბობს, ტომ გვირგვინიანი თავი უფრო ბრძენი ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის. ხარი სასახლეში შესვლით მეფე არ ხდება, არამედ სასახლე ხდება ბეღელი", — თქვა მან.

თავად კაბასმა სასამართლოზე პრეზიდენტის შეურაცხყოფის განზრახვა უარყო. ერდოღანის მთავარმა პრესმდივანმა, ფაჰრეთან ალტუნმა კი ჟურნალისტის ამ ქმედებას უპასუხისმგებლობა უწოდა.

"ე.წ ჟურნალისტი უხეშად აყენებს შეურაცხყოფას ჩვენს პრეზიდენტს სატელევიზიო არხზე, რომელსაც სიძულვილის გავრცელების გარდა, სხვა მიზანი აქვს", — დაწერა მან Twitter-ზე.

Tele1-ის დირექტორი, მერდან იანარდაგი აცხადებს, რომ ღამის 2 საათზე კაბასის დაკავება მიუღებელია. მისი შეფასებით, მომხდარი ჟურნალისტის, მედიისა და საზოგადოების დაშინების მცდელობაა.

მას შემდეგ, რაც ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მისი შეურაცხყოფისთვის ბრალი ათასობით ადამიანს წაუყენეს. თურქეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტის შეურაცხყოფა 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.