ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტზე "2 დღით ადრე ეუბნები", ეს დამოკიდებულება "კორექტული არ არის". ასე ეხმაურება ის ევროპარლამენტარების მიერ დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც გაუქმდა.

"ასე აბუჩად მოხსენიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან დრო ვერ გამონახა და ვერ მოიცალა, არ არის კორექტული და მეორე — როდესაც რამდენიმე დღით, ადრე, ანუ 2 დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მე ახლა ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სრულ სხვა რეჟიმში და სულ სხვა დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება", — აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტარებმა, რომლებიც ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები არიან, განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტი პროცესის დაწყებას აჭიანურებს. მათი თქმით, საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო არ გამონახა.

დღეს 22 იანვარს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კაბინეტმა აღნიშნა, რომ 21 იანვარს ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული განცხადება "პოლარიზაციის რისკებს ზრდის და დიალოგის დაწყების პროცესს ხელს არ უწყობს".