რესტორანი Bread & Wine ოდესღაც მხოლოდ იდეას წარმოადგენდა. კონცეფციის ასეთი სახით ჩამოსაყალიბებლად უამრავი საფეხურის გავლა გახდა საჭირო. ამ ეტაპების წარმატებით დაძლევას რესტორნის წარმატებაც თან მოჰყვა.

პირველი საფეხური, იდეის ჩამოყალიბება, დამფუძნებლისთვის თითქმის ბუნებრივად, მცდელობების გარეშე მოხდა, რადგან ამ საქმის მიმართ სიყვარული ძირეულად მუდამ არსებობდა.

მეორე საფეხური, პარტნიორის პოვნა იყო — ბევრად კომპლექსური ეტაპი, რომელიც რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებას იაზრებდა. პირველ რიგში, ეს კარგი პარტნიორის ცნების ჩამოყალიბებას გულისხმობდა — დამფუძნებლისთვის პარტნიორის განსაკუთრებულ უნარს growth mindset წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანისათვის სწავლა და ახალ გარემოსთან ადაპტირება მარტივ საკითხს წარმოადგენს. მისთვის მუდმივი განვითარება უდიდესი პრიორიტეტია. Bread & Wine-ისთვის წარმატებული პარტნიორობა სწორი კომუნიკაციის უნარზე და ნდობაზე დგას, რისი განსაზღვრის შედეგადაც, სწორი პარტნიორის არჩევაც გამარტივდა.

მესამე საფეხური მცირე ბიუჯეტით სარესტორნო ბიზნესის წამოწყება იყო — დაწყებისას მხოლოდ 5 000 დოლარი და "ნარესტორნალი" ფართი არსებობდა. წარმატების პერსპექტივა ფაქტობრივად არ ჩანდა. უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ორი ადამიანის ოცნება გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რით შეუძლებელიც შესაძლებელი გახდა.

ფოტო: Bread & Wine

მეოთხე საფეხური www.BreadandWine.ge კონცეფციის ჩამოყალიბება იყო, რაც საქართველოს თითოეული კუთხის ნაკლებად ცნობილი თუ პოპულარული კერძებით ღირსეულ წარმოჩენას გულისხმობდა. რესტორნის კონცეფციის ჩამოყალიბებისას მფლობელებისთვის მიზანი გახდა შექმნილიყო ისეთი გარემო, სადაც მოხვედრის შემთხვევაში სტუმარი ძველ საქართველოში იმოგზაურებდა.

სწორედ ამიტომ კერძები ძველი ტექნოლოგიითა და რეცეპტებით შეიქმნა. სასმელების მენიუშიც უცხოური სასმელების ნაცვლად, მხოლოდ ნამდვილ, ქართულ, ავთენტურ ღვინოსა და ჭაჭას იპოვით. ინტერიერიც მსგავსად — ძველი ქართული რეალობიდან გამომდინარე გადაწყდა, აქცენტი ხესა და ბუნებრივ მასალებზე გაკეთდა, რადგან წარსულში სახლების მოწყობისა და მოპირკეთებისთვის, ძირითად შემთხვევაში, სწორედ ამ მასალებს იყენებდნენ.

მეხუთე საფეხური დაბალი ბიუჯეტის გამო პიარ-ტექნოლოგიების გვერდის ავლით წარმატების მიღწევა იყო, რომელიც დამფუძნებლებმა მიმტანის პოზიციის საშუალებით შეძლეს — ცდილობდნენ, რომ სტუმრებისთვის ემოცია მთლიანად გადაეცათ, რამაც გაამართლა, რადგან უცხოელმა სტუმრებმა რესტორნის შესახებ წერა ინტერნეტ სივრცეში დაიწყეს.

მეექვსე საფეხური ციფრული მარკეტინგის როლის გათავისება გახდა. დამფუძნებლებს არასდროს ჰქონდათ შეხება ციფრულ მარკეტინგთან, თუმცა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი წარმატების გასაზომად აუცილებელი იყო ამ ცოდნის შეძენაც. პირველი ორი პლატფორმა, რომელზეც პური და ღვინო დარეგისტრირდა TripAdvisor და Google My Business გახდა, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა მფლობელები, რომ ამ სფეროს საფუძვლიანი შესწავლა აუცილებელი იყო. დღეს ისინი Google, Facebook-ისა და სხვა საერთაშორისო პლატფორმების სერტიფიცირებულ სპეციალისტებს წარმოადგენენ.

მეშვიდე საფეხური თანამშრომლების სწორი შერჩევა და მათთან ურთიერთობის მოდელის ჩამოყალიბება იყო. Bread & Wine-თვის პრიორიტეტებს პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება წარმოადგენს. რესტორნის კონცეფციიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა თითოეულ თანამშრომელს ძირეულად გაეგო კომპანიის იდეა, რათა ქართველი ელჩების როლი შეეთავსებინათ და სტუმრის წინაშე საქართველო წარმატებით წარმოეჩინათ. აქედან გამომდინარე, Bread & Wine-ის თითოეული თანამშრომელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, დახვეწილი დისციპლინისა და პატრიოტიზმის მატარებელია — რესტორანში სამუშაო ატმოსფერო ოჯახურია.

მერვე საფეხური სტუმართან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება გახდა, რაც რესტორანმა, თავისივე კონცეფციიდან გამომდინარე, მარტივად მოახერხა — უცხოელი ვიზიტორი Bread & Wine-ში მოხვედრის შემდეგ ქართველ მეგობრებს იძენს და დადებითი ემოციებით ივსება.

მეცხრე საფეხური ახალი ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება — მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი ვერ განაპირობებს კერძის კარგ გემოს, აქედან გამომდინარე, სამზარეულოს საქმიანობა ოთხ ძირითად პუნქტად იყოფა: პროდუქტის შერჩევა, მისი დამუშავება, სწორი შენახვა და შესაბამისი ტექნოლოგიით მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ Bread & Wine ძველ ქართულ სამზარეულოს სწევს წინა პლანზე, ახალი ტექნოლოგიებისა და ტრენდების გამოყენება რესტორნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

მეათე საფეხური მუდმივი განვითარებაა, რომლის გარეშეც წარმატების მოპოვება წარმოუდგენელია. განვითარება გულისხმობს როგორც პიროვნულ ზრდას, ისე შიდა ცვლილებებს. სარესტორნო ბიზნესის წარმატებისთვის რამდენიმე მიმართულებაში ცოდნაა აუცილებელი — მრავლისმომცველი ცოდნა ბიზნესის მმართველის ხედვას აფართოებს, ხოლო შესაძლებლობებსა და მოქმედების არეალს ზრდის.

მეთერთმეტე, დამატებითი საფეხური, Bread & Wine-ისთვის პანდემიასთან გამკლავება გახდა — იქედან გამომდინარე, რომ რესტორანი არა მხოლოდ კერძს, არამედ იდეას ყიდის, დამფუძნებლები უარს აცხადებდნენ გამოძახების სერვისებზე. ეს შეხედულება მცდარი აღმოჩნდა, რადგან დღევანდელი სამყარო ტექნოლოგიების უგულებელყოფას არავის პატიობს. მთავარი გამოწვევა სტუმართან კერძის იდეის დაუკარგავად მიტანა გახდა, რაშიც რესტორნის მფლობელებს კვლავ ციფრული მარკეტინგის ცოდნა დაეხმარათ.

რესტორანმა არსებობა კარანტინის პირობებში მიტანის სერვისების დახმარებით განაგრძო. საზღვრების გახსნის შემდეგ კი, უცხოელი სტუმრების დიდი მოთხოვნით, რესტორანმა კვლავ გახსნა თავისი კარი და ის ფუნქციონირებას დღემდე წარმატებით აგრძელებს.