საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კაბინეტი აცხადებს, რომ 21 იანვარს ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული განცხადება "პოლარიზაციის რისკებს ზრდის და დიალოგის დაწყების პროცესს ხელს არ უწყობს".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. მათი თქმით, ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი "პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ".

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული.

დიალოგის პროცესში, თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახალარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც პაპუაშვილის კაბინეტი აღნიშნავს, მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება "ლოგიკური და მიზანშეწონილი", რის შესახებ ინფორმაციაც ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს მიეწოდათ.

"შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროვონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპარლამენტარებმა, რომლებიც ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები არიან, განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტი პროცესის დაწყებას აჭიანურებს. მათი თქმით, საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო არ გამონახა.