მოძრაობა სირცხვილია უკრაინის საელჩოს ღია წერილით მიმართავს, განვითარებული მოვლენების გამო მხარდაჭერას უცხადებს და აქციაზე იწვევს. სოლიდარობის აქცია საელჩოსთან, კვირას, 16:00 საათზეა დაგეგმილი.

აქტივისტები ამბობენ, რომ შეშფოთებული არიან უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების მობილიზებით და გულდასაწყვეტია, რომ ვერ ხედავენ ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახებ მხარდაჭერას.

"მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰიბრიდული აგრესიის რისკის ზრდამ ღრმად შეაშფოთა ქართველი ხალხი. ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია იმის ყურება, თუ როგორ მიმდინარეობს 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. საქართველო იზიარებს ამ ტრაგიკულ რეალობას. რუსი სამხედრო ძალები კვლავ განლაგებულები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება, დაკავება და მკვლელობა კვლავ გრძელდება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი თქმით, საელჩოს წევრების აქციაზე დასწრება ხელს შეუწყობს გულწრფელი მხარდაჭერის დემონსტრირებას და გაუგზავნის მსოფლიო მკაფიო მესიჯს, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის.

"მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გვერდით დაგიდგეთ ამ რთულ დროს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს. ძალიან ვაფასებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვადასტურებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია", — აცხადებენ აქტივისტები.