ბათუმში ექსპრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის დამფუძნებლებმა პარტია დატოვეს. მიზეზად ისინი რეგიონული ლიდერის, ირაკლი მიქელაძის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გახარიას გუნდიდან 14 წევრი წავიდა.

"გაცნობებთ, რომ პარტია საქართველოსთვის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია. ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს იღებს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად და გუნდის სურვილის მიუხედავად", — განაცხადეს მათ.

პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მიქელაძე ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობდა. მათი მტკიცებით, მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ მიქელაძემ მოითხოვა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივანი საკრებულოს აპარატის უფროსად დაენიშნათ, რაზეც უარი მიიღო. მათივე თქმით, ამის შემდეგ მოითხოვა ბათუმის ვიცე მერობა, რაზეც ოპოზიცია დათახნმდა და ამის სანაცვლოდ, მეორე ტურში ენმ-ს კანდიდატის სასარგებლოდ დაიწყო ხმების შეგროვება.

"გვინდოდა შეგვეცვალა, უკეთესობისკენ წაგვეყვანა, მათ შორის აჭარაში, საქართველოში პროცესები, თუმცა დავინახეთ რომ ამ ადამიანთან ერთად პროცესების ნორმალიზება და იმ იდეის მიღწება, რის გამოც პარტია დავაფუძნეთ,. ამ ეტაპისთვის, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა", — პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგა გორჯელაძე.

გარდა ამისა, პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ მიქელაძე საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მანიპულირებდა და "თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას".