გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ ჩავიდეს უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ და თქვას, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა. ჯაფარიძის თქმით, ამით ღარიბაშვილს ისტორიული შანსი აქვს, გამოჩნდეს როგორც ღირსეული ლიდერი და საქართველოსაც დაუბრუნოს ღირსება.

"გერბზე რომ გვიწერია ძალა ერთობაშია, ეგ მარტო ჯოკერში "პარა-პარაზე" ვრცელდება?ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე. მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს, განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში ან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს. მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკა? ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს", — წერს ჯაფარიძე.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარებისა და ჟენევის მოლაპარაკებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის არცერთ წარმომადგენელს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია.

20 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის მიმართ პოზიციას ალტერნატივა არ აქვს და ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია. მანვე თქვა, რომ მხარდაჭერის გამოხატვის ფორმებზე "შეჯერდებიან" და კონსულტაციები ექნებათ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც.