ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, 2021 წელს ჩატარებული საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგად, მრავალი დარღვევა გამოვლინდა. ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცავების არაპროპორციული ძალის მობილიზების, აქციათა მონაწილეთა უკანონო დაკავების, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისა და დაჯარიმების, გადაადგილების თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

ორგანიზაციის განცხადებით, გამართულ აქციათა უმრავლესობაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცული არ იყო. არასამთავრობოში აღნიშნავენ, რომ აქციებზე სამოქალაქო აქტივისტებზე, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობდნენ და საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამას მიზანმიმართული და კარგად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა.

მათივე შეფასებით, ხელისუფლება სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების იარაღადად იყენებდა.

"საგამოძიებო ორგანოებს, 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების არცერთი
ორგანიზატორი არ დაუკავებია [...] მონიტორინგმა აჩვენა, რომ სამართალდამცველები შეკრების მონაწილეთა ქმედებებზე, უმეტესწილად, შერჩევითი სამართლის პრინციპით რეაგირებდნენ. აგრეთვე, ხელისუფლება რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ იარაღად საბჭოთა პერიოდში მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს იყენებს, ისე, რომ აქციის მონაწილეებს არ აქვთ სამართლიანი პროცესის გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა", — ამბობენ ისინი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. მათი თქმით, ამის მიზანი პროტესტის მონაწილეთა დისკრედიტაცია, დაშინება და საპროტესტო აქციებისათვის ზიანის მიყენებაა.

"ზემოაღნიშნულ პრობლემას მეტად ამწვავებს ის ფაქტი, რომ დღეისათვის საქართველოში მოქმედებს 1984 წელს მიღებული, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და თითოეული ხელისუფლების მიერ გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების არამართლზომიერად შესაზღუდად. კოდექსი აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს გააჩნია", — ამბობენ ისინი.

ორგანიზაციის შეფასებით, საპროტესტო აქციებისას გამოვლენილი მძიმე დარღვევები საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის რიგი სტანდარტების დარღვევაა.

ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ რომ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებისას, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები, ძირითადად, ვირუსის პრევენციისათვის აუცილებელ ზომებს იღებდნენ, უმეტესად, ფიზიკური დისტანცია დაცული საერთოდ არ იყო. ასევე, აქციის მონაწილეებს, პირბადეები საერთოდ არა, ან არასწორად ეკეთათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავრობას მოუწოდებს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვისგან თავი შეიკავონ. ამასთან, გამოაშკარავონ 5-6 ივლისს "წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული" ძალადობრივი ქმედების ჩამდენთა დამფინანსებელი ორგანიზაციებისა და პირების ვინაობა. პარლამენტს კი ორგანიზაცია მიმართავს, რომ ისეთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მიიღონ, სადაც ადამიანის უფლებები, საჯარო ინტერესები და კანონის უზენაესობა იქნება დაცული.