პანდემიის გამო დაზარალებული ავიაინდუსტრია ახალ რეალობასთან ადაპტირებას წესების ზედმიწევნით დაცვით ცდილობს. თუმცა, როგორც ჩანს, მგზავრების ნაწილს ადაპტაცია უჭირს, ან, უბრალოდ, არ უნდა.

დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი შემთხვევა, არც მეტი, არც ნაკლები, შუა გზიდან გაბრუნებით დამთავრდა.

ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი მაიამიდან ლონდონში მიფრინავდა, ბორტზე კი 129 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავს უკვე 800 კილომეტრამდე მანძილი ჰქონდა გავლილი, როცა გზიდან მოტრიალდა და უკან, მაიამიში დაბრუნდა. მიზეზი 40 წელს გადაცილებული ერთ-ერთი მგზავრი გახდა, რომელმაც პირბადის გაკეთებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

მაიამიში დაბრუნებისთანავე მგზავრმა ბორტი ადგილობრივი პოლიციის თანხლებით დატოვა.

მაიამიდან ლონდონში გაფრენილი თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორია.

ფოტო: FlightAware

მართალია, წესის დაუმორჩილებლობის ეს შემთხვევა უჩვეულო დასასრულით გამოირჩევა, თუმცა, მსგავსი ამბები გახშირებულია. მხოლოდ აშშ-ში ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ გასულ წელს 5 981 შემთხვევა აღრიცხა, როცა მგზავრი ფრენისას გათვალისწინებულ წესს არ დაემორჩილა; აქედან 4 290 შემთხვევა სწორედ პირბადის ტარების ვალდებულებას ეხებოდა.

რამდენიმე დღის წინ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურეს კანადელმა ცნობილმა სახეებმა, რომლებმაც თვითმფრინავით უპირბადოდ იმგზავრეს და ფრენისას წვეულებაც გამართეს. ამ შემთხვევის შემდეგ ქვეყანაში მათ დაბრუნებაზე უარი არაერთმა ავიაკომპანიამ განაცხადა, ხოლო კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, თვითმფრინავში წვეულების მომწყობებს "იდიოტები" უწოდა, გავრცელებულ ვიდეოებს კი — "სახეში სილის გაწვნა".