Apple პედრო ალმოდოვარის ცნობილი ფილმის ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე (Mujeres al borde de un ataque de nervios) მიხედვით სერიალს გადაიღებს.

ცნობილია, რომ მომავალ სერიალში მთავარ როლს ოქროს გლობუსის მქონე ამერიკელი მსახიობი ჯინა როდრიგესი შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ალმოდოვარის ფილმის სატელევიზიო ვერსიის შექმნაში თავად ეს ესპანელი რეჟისორიც მიიღებს მონაწილეობს: თვითონვე იქნება ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი. სერიალი ორენოვანი იქნება: პერსონაჟები როგორც ინგლისურ, ისე ესპანურ ენაზე იმეტყველებენ.

ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე პედრო ალმოდოვარის 1988 წლის ფილმია, რომელმაც ესპანელ რეჟისორს პირველი დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა: კინოსურათმა ოსკარის ნომინაცია მიიღო.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პედრო ალმოდოვარი თავის პირველ ინგლისურენოვან სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლს ქეით ბლანშეტი შეასრულებს.

გასულ წელს ალმოდოვარმა პირველი ინგლისურენოვანი, ოღონდ მოკლემეტრაჟიანი, ფილმი გამოუშვა ტილდა სუინტონის მონაწილეობით — ადამიანის ხმა.

ცოტა ხნის წინ გამოვიდა მისი ჯერჯერობით ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი პარალელური დედები პენელოპე კრუზის მონაწილეობით, რომელმაც კრიტიკოსებისგან უკვე დაიმსახურა მოწონება და აღიარება.