ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, საწოლფონდი, პრაქტიკულად, მთლიანად შევსებულია და რეანიმაციაში ადგილი არ არის.

ჩხაიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კიდევ გაიზრდება ამას ჰოსპიტალური სექტორი ვერ გაუძლებს.

"ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე დიდი ზეწოლაა. თუ ასე გაგრძელდება და ასე კი არა, უფრო მეტად გაიზრდება, როგორც ვიცით, რაოდენობა პაციენტების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, არამგონია, რომ განსაკუთრებულად ეფექტური იყოს [...] ამდენს უბრალოდ ჰოსპიტალური სექტორი, პედიატრიული ნამდვილად ვერ გაუძლებს. ამჟამად, საწოლფონდი პრაქტიკულად შევსებულია, რეანიმაციაში არცერთი ადგილი არ არის", — ამბობს ის TV პირველთან.

21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 173, ხოლო გარდაიცვალა — 49 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 56 386, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 35 725, ხოლო PCR-ით — 20 661.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15,55%, ბოლო 7 დღის — 12,76%, ხოლო 14 დღის — 11,39%.