13 იანვარს ჰემფშირის ქუჩებში სეირნობისას ემას 3 წლის ცელქი ცუგა, სახელად მილი გაექცა. ძაღლი დრონებმა სანაპიროს ერთ-ერთ საშიშ მონაკვეთში აღმოაჩინეს, სადაც წყალდიდობა იყო მოსალოდნელი. მალე მაშველები მილის გადასარჩენად შეიკრიბნენ, თუმცა ძაღლის სანაპიროდან გამოტყუება და სამშვიდობოს გამოყვანა ვერაფრით მოახერხეს.

2-დღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ მაშველებს ერთი აზრი დაებადათ: მათ დრონს ძეხვი გამოაბეს და მსუნაგი ძაღლის უსაფრთხო ადგილას გამოტყუება ასე სცადეს. მაშველებმა მიზანს მიაღწიეს.

"იმ ადგილს რომ არ გავცლოდით, მილი შეიძლება დამხრჩვალიყო. ეს ხერხი აქამდე არასდროს გვიცდია, ძეხვი ჩვენი ბოლო შესაძლებლობა იყო, რადგან ნავითა და სხვა გზებით მას ვერ მივუახლოვდით", — განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.

მას შემდეგ, რაც ტალღებს გადაურჩა, მილი მაშველებს კიდევ ერთხელ დაუსხლტა და გეზი ამჯერად ტყის მიმართულებით აიღო, თუმცა ცელქობა მალე მობეზრდა და მყუდრო სახლს დაუბრუნდა.

"მილის სახლში ყოფნა ყველაფერს ურჩევნია და რაც დაბრუნდა, სძინავს. დროს ჭამასა და ძილში ატარებს, თითქოს გვეუბნება: 'ვისვენებ, თავი დამანებეთ", — განაცხადა მილის პატრონმა.

როგორც ჩანს, მილი ძალებს ახალი თავგადასავლისთვის იკრებს, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოაქცევს.