PSP ქართული ბრენდის დღეზე 2021 წლის ლიდერ ბრენდად დასახელდა. ეს ტიტული მან უკვე მეთხუთმეტედ მოიპოვა. შერატონ გრანდ მეტეხი პალასში 20 იანვარს, რეგულაციების სრული დაცვით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ბრენდის დღე კვლავ გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილი 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

ქართული ბრენდის დღის ორგანიზატორების მიზანი ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენა, მათი სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებაა.

"მოხარულები ვართ, რომ ლიდერის ნომინაციაში გამარჯვებულად PSP უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან, ჩვენი მთავარი საზრუნავი და ორიენტირი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვისაც თითოეულ მათგანს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ. ასევე, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5 000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე," — აცხადებენ PSP-ში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილი ქართული ბრენდის დღეს უკვე 19 წელია, ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი. ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე და სხვა. წლევანდელი ბრენდ პერსონა ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი გახდა.