საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, გურჯაანში 20 ჰექტარ ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა. მეურნეობა საფერავისა და რქაწითლის ჯიშის ვენახებს, ატმის, ხურმის, ქლიავისა და ბლის ბაღებს აერთიანებს. მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად ბანკის მხრიდან 81 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

"მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად შევძელით და ვავითარებთ ბიზნესს. ჩვენი თანამშრომლობა უკვე 6 წელია, გრძელდება. მის ფარგლებში, ეტაპობრივად ვაფართოებთ მეურნეობას და ვზრდით მოსავლის მოცულობას. წლის განმავლობაში უკვე საშუალოდ 250 ტონა მოსავალს ვიღებთ. ასევე, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მეურნეობა სეზონურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ ვგეგმავთ, საკუთარი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას და მეტი ადამიანის დასაქმებას“, — აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, მარინა ცაცაბაშვილი.

"იმისათვის, რომ აგრო მიმართულების ბიზნესებმა შეძლონ განვითარება, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს ახალი, საინტერესო პროდუქტები შესთავაზოს, იქნება ეს შეღავათიანი აგრო კრედიტი, დაფინანსება მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას, რათა უფრო განვითარდნენ ბიზნესები და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, — განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.