ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მარაზმს უწოდებს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის იდეაზე მსჯელობას. საქმე ეხება ინიციატივას, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი შინაპატიმრობაში, მეუფე ნიკოლოზის ეპარქიაში მოიხადოს.

"სიტყვა მარაზმი თუ რამეს შეეფერება არის ეს, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ მეუფე ნიკოლოზის ამ წინადადებაზე. იქ ვიღაცები აქებენ. მეუფე ნიკოლოზი, რომელიც შავრაზმული იდეების ცინიკურად გამმართლებელი იყო 5 ივლისიდან დაწყებული, ყველაფრით გაგრძელებული, ახლა, რახან სააკაშვილზე კაი რამე თქვა, უცებ გმირია.

სერიოზულად უნდა განვიხილოთ და მერე კობახიძის კომენტირება მოვახდინოთ, მონასტერში უნდა გადაიყვანონ თუ არა პოლიტიკური პატიმარი საქართველოს პრეზიდენტი?! ეს არის გაშარჟება იმ სერიოზული პრობლემის, რასაც პოლიტიკური დევნა ჰქვია", — განაცხადა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

ახალქალაქის, კუმურდოისა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სააკაშვილის ეპარქიაში გადაყვანის შესახებ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი 19 იანვარს გამოთქვა. მიტროპოლიტის ინიციატივას გამოეხმაურა დეპუტატი სოზარ სუბარი და განაცხადა, რომ სააკაშვილს მონასტერში წასვლა სასჯელის მოხდის შემდეგ შეუძლია, "თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს".