ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევით, კრიზისი გადაილახა. ის აღნიშნავს, რომ ამით თავიდან აიცილეს მერის ხელახალი არჩევნები. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, გია ხარჩილავა იყო ერთადერთი, ვინც მერის არჩევნებში ქართული ოცნება დაამარცხა და წალენჯიხის მერი გახდა.

"მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული.

ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გია ხარჩილავა რჩება წალენჯიხის მერად და ითანამშრომლებს ყველა წალენჯიხელთან და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან", — ვკითხულობთ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წალენჯიხაში საკრებულოში თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევაზე 4-ჯერ ვერ შეთანხმდნენ. დღეს, მე-5 მცდელობის შედეგ თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს.