ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის. მისი თქმით, სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება მეორე ქვეყნის პოლიტიკა ან არჩევანი განსაზღვროს ან მისი საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს.

"რუსეთს რომ ამ პრინციპების დარღვევის უფლება მივცეთ, ეს ყველა ჩვენგანს უკან გადაგვისვრის, ძალიან სახიფათო და არასტაბილურ დროში, როცა კონტინენტი ორად იყო გაყოფილი. ეს, ასევე, იქნება გზავნილი სხვა ქვეყნებისთვის, რომ ამ პრინციპების დარღვევა შესაძლებელია, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება. ამიტომაც არის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ევროპაში ძალიან ფოკუსირებულები არიან იმაზე, რაც უკრაინაში ხდება. ეს უფრო დიდია, ვიდრე ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი, უფრო დიდია, ვიდრე რუსეთი და NATO, ეს არის კრიზისი გლობალური შედეგებით და ის საყოველთაო ყურადღებასა და მოქმედებას მოითხოვს", — აღნიშნა ბლინკენმა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გერმანიაში, ბერლინში, ჩაფრინდა, სადაც რუსეთის უახლეს დიპლომატიურ ჩართულობას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად ერთობლივ ძალისხმევას განიხილავენ.

მანამდე ის უკრაინაში იმყოფებოდა. 19 იანვარს, კიევში ჩასვლის შემდეგ, ბლინკენმა განაცხადა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.