ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელებმა წერილი გამოუგზავნეს, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და მკურნალობა. ამასთანავე, წარმომადგენლები საქართველოს მოუწოდებენ, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი მოთხოვნები.

"მივესალმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თქვენს გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.

მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას. გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან", — ვკითხულობთ წერილში.

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების კაბინეტების ხელმძღვანელების წერილში წერია, რომ საყოველთაო ჩართულობით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება საქართველოს დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებაა. მათი განცხადებით, ეს დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.