ნიდერლანდები ერთ-ერთია იმ ქვეყანათაგან, რომელშიც განსაკუთრებულად მკაცრი კოვიდრეგულაციები მოქმედებს. ცოტა ხნის წინ ქვეყანაში მუშაობა განაახლეს მაღაზიებმა, სალონებმა და სპორტულმა დარბაზებმა, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქება კულტურის სფეროს არ შეეხო. მუზეუმები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები საზოგადოებისთვის დახურულია.

კულტურის სფერომ კოვიდრეგულაციების გაპროტესტება გადაწყვიტა. ნიდერლანდების ცნობილი მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები, მათ შორის, ვან გოგის მუზეუმიც სალონებისა და სპორტდარბაზების სახით გაიხსნა. თმის შესაჭრელად მისულ ადამიანებს მომსახურების მიღების პარალელურად ხელოვნების გამორჩეული ნიმუშების თვალიერება ან სიმფონიური ორკესტრისთვის მოსმენა შეუძლიათ.

"გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ მუზეუმში სტუმრობა უსაფრთხოა და მუშაობის უფლება უნდა მოგვეცეს", — ამბობს ვან გოგის მუზეუმის დირექტორი.

კულტურის სფეროს უამრავი მხარდამჭერი და კლიენტი აღმოაჩნდა, რომლებიც სალონებად და სპორტულ დარბაზებად გახსნილ დაწესებულებებს სტუმრობენ:

"დროა, ბიზნესმა და კულტურის სფერომ მუშაობა განაახლოს. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პარალელურად ვან გოგის მუზეუმის მსგავსი დიდი სივრცეები უნდა გაიხსნას", — ამბობს მუზეუმში თმის შესაჭრელად მისული მოქალაქე.

მუზეუმების განცხადებით, სავარაუდოდ, სახელმწიფოსგან გაფრთხილებას მიიღებენ, თუმცა თვლიან, რომ პროტესტის გამოხატვა მათი მხრიდან აუცილებელი ნაბიჯი იყო.