ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნამახვანჰესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მისი თქმით, დიდი ჰესების გარეშე, ვერც მზის ენერგეტიკა, ვერც ქარის ენერგეტიკა ვერ განვითარდება. მან ისაუბრა, რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა დამკვიდრებული ქვეყანაში — "გაშმაგებული ბრძოლა ელექტროენერგიის გამომუშავების წინააღმდეგ".

"ჩვენ გვაქვს ულევი სიმდიდრე, უზარმაზარი სიმდიდრე, ეს არის ჩვენი ჰიდრორესურსები. ჰიდრორესურსი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, რომელიც მართლა არ აზიანებს არავის და მუდმივად ვიქნებით სხვა ქვეყნებზე ჩამოკიდებული ენერგეტიკაში თუ არ განვავითარებთ ჩვენს ენერგოპოლიტიკას და არ ავაშენებთ დიდ ჰესებს. დიდი ჰესების გარეშე, ვერც მზის ენერგეტიკა ვერ განვითარდება, ვერც ქარის ენერგეტიკა, რადგან საყრდენი უნდა იყოს რაღაცა დიდი.

ქვეყნები, რომლებზეც ჩამოკიდებული ვიქნებით, ხშირ შემთხვევაში არიან ჩვენთვის არც თუ მეგობრულად განწყობილი ქვეყნები და ასეთი არის რუსეთი. ერთადერთია, რომ ეს მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ და უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები ქვეყანა და ამ მხრივ ნამახვანჰესს ნამდვილად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის", — თქვა სუბარმა.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორმა, ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა.

ექსპერტების შეფასებით, თუ კომპანიასა და მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა დაიწყება, ქვეყანას ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტას წინ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უძღოდა. თავდაპირველად აქციები რიონის ხეობაში იმართებოდა, შემდეგ კი თბილისშიც. საბოლოოდ, მხარეებს შორის მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთო, თუმცა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.