დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში დე ფაქტო ცხინვალის იზოლაციურ პოლიტიკას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი თქმით, ახალგორის მაცხოვრებლებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ, რაც არაერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა.

"გასული წლის დეკემბერში ახალგორის რაიონული საავადმყოფო ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, სავარაუდოდ, კორუფციული სქემა გამოიკვეთა, რის გამოც საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს და დროებით მთავარ ექიმად მონიკა ჯიოევა დანიშნეს. ჯიოევა, რომელიც თანამდებობაზე ცხინვალიდან გადმოიყვანეს, მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებაში დადებითად ხასიათდებოდა, თუმცა მისი დანიშვნის შემდეგ, პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უფრო გართულდა. მთავარი ექიმის ბრძანებით, პაციენტები სამკურნალოდ მხოლოდ ცხინვალში გადაჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგორი-ცხინვალის დამაკავშირებელი გზა, რთული რელიეფის გამო, პაციენტებისთვის განსაკუთრებით რთულია", — წერს DRI.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, იანვრის დასაწყისში, 70-წლამდე ასაკის კაცი, ინფარქტის დიაგნოზით შეიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში და ნათესავების სურვილის მიუხედავად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის უფლება არ მისცეს. ცხინვალში გადაყვანის დროს კი მამაკაცი გზაში გარდაიცვალა.

"იანვარში, ახალგორელი ქალი, მისი მოთხოვნის მიუხედავად, თბილისში არ გამოუშვეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ქალი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ მდგომარეობის გართულების შემდეგ გადმოიყვანეს. დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მკურნალობას თბილისში აგრძელებს.

12 იანვარს, ახალგორელი მამაკაცი ცხინვალში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფს, საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თბილისში გადმოყვანის უფლება არ მისცა", — აცხადებს ორგანიზაცია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ახალგორის მაცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს ეკისრებათ. თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული არ ათავისუფლებს საქართველოს ხელისუფლებას მასზე დაკისრებული ვალდებულებისგან — იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ საკუთარ მოქალაქეებზე.

DRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა ფორმატი და შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.