ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის მიმართ პოზიციას ალტერნატივა არ აქვს და ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია.

"ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არს მკაფიო, პარლამენტიც, რა თქმა უნდა, თავის პოზიციას დააფიქსირებს. ბუნებრივია, ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია, ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება, რომ გამოვხატოთ. რაც შეეხება ფორმებს, გამოხატვის ფორმებს, ამაზე შევჯერდებით. მათ შორის, გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან", — თქვა კობახიძემ.

მანვე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შესახებ და თქვა, რომ საპარლამენტო დღის წესრიგის, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჰქონდათ მოსაზრებების გაცვლა.

დეგნანმა უკრაინასთან დაკავშირებულ დაძაბულ ვითარებაზე თქვა, რომ ეს კრიზისი შექმნა თავად რუსეთმა და ისინი ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესში არიან, თუ რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს.

კიევში ჩასვლის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება გერმანიაში, ბერლინში, სადაც განიხილავენ რუსეთის უახლეს დიპლომატიურ ჩართულობას და ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.