სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ახალი პარკის მოწყობის სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს. უკანონო სამუშაოების აღსაკვეთად ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაციაში საუბრობენ, რომ პროექტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე მონაწილეობის მიღების საშუალება არ ეძლევათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და იპოდრომით მოსარგებლე მოსახლეობას. მათი თქმით, ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი და მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობა მის შესახებ.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ქალაქ თბილისის მერიას ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობის დოკუმენტაციის გადმოცემის მოთხოვნით 2021 წლის 15 ივლისს მიმართა. როგორც მერიის პასუხებიდან და პირადად მერის განცხადებიდან ირკვევა, ქართუ ფონდის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ესკიზური პროექტის საფუძველზე და ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი. არ არსებობს არც შეთანხმება მერიის არქიტექტურის სამსახურთან, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრს მიაჩნია, რომ სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა შეიქმნას ღია, გამჭვირვალე და ჩართულობითი ფორმატი იპოდრომის მომავლის შესათანხმებლად, კონკრეტული პროექტი კი მხოლოდ ამის შემდგომ უნდა განხორციელდეს.

"გადაწყვეტილების მიღების ასეთი ფორმის გამოყენებას მერიას ავალდებულებს კანონი, ხაზგასასმელია ისიც, რომ ტერიტორიის მრავალფეროვანი გამოყენებების, მისი ხელმისაწვდომობისა და მისი კულტურული თუ სოციალური დატვირთვის შენარჩუნების საუკეთესო გზა პროცესში მათი ჩართვაა, ვინც წლების მანძილზე ტერიტორიას იყენებდა და მასზე ზრუნავდა. ტერიტორიაზე ზრუნვის ისტორიისა და მისი სოციალური და კულტურული დანიშნულების გათვალისწინებით განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ახალი პარკის პროექტის დაგეგმვიდან დაინტერესებული პირები გამორიცხულნი აღმოჩნდნენ", — წერია განცხადებაში.

თბილისის მერიამ იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა 2020 წლის 6 ოქტომბერს დააანონსა. ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს ქართუ ფონდმა გადასცა, პროექტსაც ის ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმა საკმაოდ მასშტაბურია და ძირფესვიან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სპეციალისტები და ურბანისტები მის ნაკლოვანებებზე საუბრობენ.